logo
ENG



"ილიას გზა" - კოალიცია ძლიერმა საქართველომ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

05 სექ 202421:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/str2t06i8pj5coj.jpg

"ილიას გზა" - კოალიცია ძლიერმა საქართველომ წიწამურში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა 9-პუნქტიან გეგმას აერთიანებს, კერძოდ: 

  • ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება;
  • ქართველებისთვის სამუშაო ადგილების დაცვა;
  • რუსების მიერ მიწის შესყიდვაზე შეზღუდვა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაციის, ან შემოსვლის აკრძალვა;
  • რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;
  • რუსული ბიზნესისთვის "საოკუპაციო მოსაკრებლის" დაწესება;
  • რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე ხელახალი აკრძალვის დაწესება;
  • საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობის აკრძალვა;
  • რუსული ფონდების აკრძალვა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის რუსული ოკუპაციისგან დაცვაა. 

"რუსული ოკუპაციისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა, რუსული გავლენისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, 9 რეფორმა და 9 ნაბიჯი, როგორ უნდა გავერთიანდეთ და გავწევრიანდეთ ევროკავშირში და 9 ნაბიჯი, როგორ უნდა შევამციროთ საქართველოში რუსული გავლენა. ეს ეხება ვიზების შემოღებას, ფრენების რეგულირებას, აკრძალვას ჩვენი მიწების გაყიდვისა რუსებზე, როცა 20% ოკუპირებული აქვთ და რაც ყველაზე მთავარია, იმ სულიკვეთების დაბრუნებას, რასაც თავისუფალი ხალხი და ერი იმსახურებს. 

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება ჰაერივით. გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ რა სწრაგად დავამთავრებთ იმ მეგაპროექტებს, როგორიც არის ანაკლია. ანაკლია, რუსეთის დავალებით, უკვე მე-6 წელია გაჩერებულია. ჩვენ ამ პროექტს დავძრავთ, ავაშენებთ, ისევე, როგორც სხვა მეგაპროექტებს. 

1000-ლარიანი პენსია. ვინმეს არ ეგონოს, რომ წინასაარჩევნო დაპირებაა. ეს არის კონკრეტულად გაწერილი, დეტალური გეგმა", - განაცხადა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ პროგრამის პრეზენტაცია წიწამურში იმართება, იქ, სადაც ილია ჭავჭავაძე მოკლედ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნით, ქართველობა რუსობას გადაარჩინა. 

"დღეს ჩვენ აქ, ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ვიმყოფებით. ილია ჭავჭავაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ჩვენს ქვეყანაში უდიდესი როლი შეასრულა. ის იყო ადამიანი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების იდეოლოგიის ფუნდამენტი შექმნა. ის იყო ადამინი, რომელმაც თანასწორობისთვის ძალიან დიდი რამ გააკეთა. ადამიანი, რომელიც იყო დამფუძნებელი სასამართლო სისტემის, რომელმაც შექმნა ყველაზე პირველი ქართული ბანკი, რომელმაც თავისი ცხოვრება შესწირა ამ ქვეყანას და მუხანათურად იყო მოკლული. 

მისი სახელი, ილია მართლად წოდებული, ზუსტად შეესაბამება მის გავლილ ცხოვრებას, იმიტომ, რომ ის ებრძოდა სიბნელეს, გაუნათლებლობას და სწორედ მან, თავისი დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საშუალებით, გადაარჩინა ქართველობა რუსობას", - აღნიშნა ხაზარაძემ. 

 

 

 

close დახურვა